ანტისაოკუპაციო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა - ის გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.
თავად დავით ქაცარავა მის დაბარებას დაშინების მცდელობად აფასებს და ამბობს, რომ მისი გაიგივება ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმესთან ხელისუფლების სიგნალია, რომ შეწყვიტოს ანტისაოკუპაციო მოძრაობა.
„გვიმალავენ რუსი ოკუპანტების აქტივობებს. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ პოლიტიკის, რასაც აწარმოებს ხელისუფლება - რუსეთის არგაღიზიანების. ეს არის ჩემი დაშინების მცდელობა - დაბარება სუს-ში და ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან ჩემი გაიგივება. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ ახალი, თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე დაიწყოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ", - აცხადებს დავით ქაცარავა.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ უცნობია, კონკრეტულად რა საკითხზე დაკითხავენ ქაცარავას და ამიტომ, წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„თითქოს ეროვნულ შუღლს ედავებიან - წინასწარ მხოლოდ იმას ვიტყვით, არის ის, რომ ცდილობენ დავით ქაცარავას საქმიანობის შეჩერებას. რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს ის. არ ვიცით, რა საკითხზე კითხავენ. გავარკვევთ ამ საკითხს და გეტყვით", - ამბობს ია სირანაშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობა ცდილობს ყველა დააშინოს, ვინც მათ ამხელს ოკუპანტებთან არასწორი პოლიტიკის გატარებაში.
„იმის ნაცვლად, ქაცარავას მსგავს ადამიანებს მადლობას ეუბნებოდეს ხელისუფლება იმიტომ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან როგორც გარეჯის დაკარგვას, ისე ოკუპაციას ქართლში - ისინი ცდილობენ, დააშინონ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებას დაანახოს, როგორ აძლევს ივანიშვილის ხელისუფლება ტერიტორიებს სხვებს", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავას სუს-ში დავით გარეჯის საკითხზე ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე იბარებდნენ მოწმის სტატუსით.